საგარეო საქმეთა სამინისტრო თინათინ ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო თინათინ ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო უმცირესობის წევრ თინათინ ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს . 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში პარლამენტის წევრების შეუფერხებლად დაშვება მათ მიერ ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვიზიტის მიზნის დასახელების შემთხვევაში ხდება.

"ა/წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრს, ქ-ნ თინათინ ბოკუჩავას სამინისტროს დაცვის თანამშრომელმა დაუსვა შეკითხვა, თუ ვისთან უნდა მომხდარიყო მისი დაშვება სამინისტროს ტერიტორიაზე, რასაც მოყვა პარლამენტის წევრის აღშფოთება და შეკითხვის უპასუხოდ დატოვება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქ-ნმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მოსვლის მიზანს წარმოადგენდა მის მიერ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის აღება. სამინისტროს შენობაში შესვლის მიზეზის გარკვევის შემდგომ, დაცვის თანამშრომლის მხრიდან ნებართვის მიცემის მიუხედავად, თ. ბოკუჩავამ აღარ მოისურვა სამინისტროში შესვლა და დაიწყო სატელეფონო ზარების განხორციელება მომხდართან დაკავშირებით მედია საშუალებების ინფორმირების მიზნით", _ აცხადებენ სამინისტროში.

ასევე სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრის ვიზიტის მიზნის გარკვევიდან უმოკლეს ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოკუჩავასათვის მისი სამსახურებრივი პასპორტის ხელზე გადაცემა უზრუნველყო.

"საქართველოს პარლამენტის წევრთა დაშვებას სახელმწიფო დაწესებულებებში არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელთა შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა", _ განმარტავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.