ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაცვის რამდენიმე წევრი გინებით გამოუშვა

ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაცვის რამდენიმე წევრი გინებით გამოუშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს ისეთი მანერები, რომელიც დაცვის ბიჭებს არ მოსწონს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ის დაცვის წევრებთან მეგობრობს და დაცვის სამსახურის ახალი უფროსისგან იცის, რომ მიხეილ სააკაშვილმა "რამდენიმე კაცი გინებით გამოუშვა". "დედის გინება ქართველი კაცისთვის როგორია აბა?!",- აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა საპატრიარქოში პრეზიდენტთან შემდგარი შეხვედრაც გაიხსენა. "მე მას შიგნით იგივე გავუმეორე, რასაც გარეთ ვამბობ - შეცვალეთ რიტორიკა, დაანებეთ ხალხზე ძალადობას და სიცრუეს თავი, ნუ ზრდით აგრესიას და მიპასუხა - შენ ნუ მიგაჩნია, მაგის ჩვენ გვეშინიაო. უგულავამ და მერაბიშვილმა მე მითხრეს, რომ სიამოვნებით დავჯდებითო. სააკაშვილის ეს პოზიცია უნდა გააცნობიერონ დანარჩენებმა. მას სურვილი აქვს, რაც შეიძლება მეტი მისი გუნდის წევრი შეეწიროს, რამეთუ აჩვენოს, რომ ჩვენ ვართ ბოროტები. როდესაც გუშინ იგივე საუბარი წამოიწყო, მე ვუთხარი - მედია არ გვისმენს და ვაჩვენე ჯიბეები, არაფერი არ მაქვს მოსასმენი-მეთქი",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მან პრეზიდენტს ისიც შესთავაზა, თუ სურვილი ჰქონდა დაცვის 960 თანამშრომელს დაუნიშნავდა. "გინდა თანხმობას მივცემ ახლავე, რომ 960 კაცი დაგინიშნონ, ოღონდ ვუთხარი - გამოვალ და ვიტყვი ამასთქო",-დასძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის სრული ინტერვიუს ნახვა მაყურებელს ტელეკომპანია "იმედზე" "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ შეეძლება.