დავით ნარმანია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით ნარმანია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით ნარმანიამ და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების 200-მილიონიან ფონდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიაც მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები. მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სამეგრელოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნეს.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა კი მინისტრს წარუდგინეს ინფორმაცია და პრობლემები, რის მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. ასევე, შეიტყვეს, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ წარდგენილი პროექტი.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. განისაზღვრა საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვს, როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის წარმდგენია თვითმმართველობა, ის უნდა მოიცავდეს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ხოლო რეგიონული პროექტის შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში რამდენიმე მუნიციპალიტეტი შედიოდეს.