მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსში უკვე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა

მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსში უკვე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში უკვე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. 

მაუწყებლის გენდირექტორობის სურვილი გამოთქვეს ალექსანდრე ლომოურმა და არჩილ ბუბუტეიშვილმა.

CV-ს მიხედვით, რომელიც მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდა, პროფესიით ჟურნალისტი ალექსანდრე ლომოური წარსულში საინფორმაციო სააგენტოებში ეკონომიკის მიმომხილველად მუშაობდა, ბოლოს კი საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის თემატური ჯგუფის წევრი იყო. მეორე კანდიდატი არჩილ ბუბუტეიშვილი კი რამდენიმე მედიასაშუალებაში, მათ შორის, საზოგადობრივ მაუწყებელში ხმის რეჟისორად მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გუშინ სამეთვალყურეო საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. საბჭომ ვაკანტურ პოსტზე ღია კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ორ ტურად გაიმართება.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ინფორმაციით, საბჭოს კანონი ავალდებულებს, ახალი გენერალური დირექტორი არა უგვიანეს 4 აპრილისა დანიშნოს.