გიორგი ბარათაშვილი საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

გიორგი ბარათაშვილი საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხვალ სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც ბარათაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მიმართავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ გაუწიოს ადვოკატირება, რათა დაამტკიცოს სიმართლე.

"გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სამეურვეო საბჭომ, აბსოლუტურად უსამართლოა. მინდა ერთი რამ ვთქვა - 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა არსებული კრიზისის გასამკლავებლად და გამიფორმა ხელშეკრულება, როგორც კარგ მენეჯერს, რის შემდეგაც დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ასევე სამეურვეო საბჭომ დამიმტკიცა. ამ პროცესში ტელევიზია, სამწუხაროდ, დატოვა 143-მა ადამიანმა. ჩემთან დაკავშირებით კი, როცა ლაპარაკი იყო ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ერთ საკადრო გადაწყვეტილებაზე და არა სამსახურიდან გაშვებაზე, მოხდა ის, რაც მოხდა და გადამაყენეს თანამდებობიდან. მე ხვალ სასამართლოში გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას და მივმართავ საია-ს, რომ გამიწიოს ადვოკატირება ამ საქმეში, რათა დავამტკიცო სიმართლე", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან კარგი კოლექტივი ჰყავს. ბარათაშვილის განცხადებით, არ შეიძლება რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტოს მათი ბედი და ორ თვეში ერთხელ გამოცვალონ გენერალური დირექტორი.

გიორგი ბარათაშვილმა რამდენიმე დღის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ხათუნა ბერძენიშვილი გაათავისუფლა. ბერძენიშვილმა მოითხოვა, რომ ამ საკითხზე სამეურვეო საბჭოს ემსჯელა. სამეურვეო საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა და მიღებული გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდება.