თომას ჰამერბერგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

თომას ჰამერბერგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამერბერგი იმ პროცესებს გაუწვეს მონიტორინგს , რომელთა გამჭვირვალედ წარმართვა საქართველოს სურვილია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თომას ჰამარბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, ამის მიზანია ის, რომ არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა არც საქართველოში არავის და არც უცხოეთში იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება სამართლებრივ სფეროს. აქედან გამომდინარე, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ჰამარბერგის ვიზიტი და საერთოდ მისი მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს მისია საქართველოში ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჰამარბერგი ყოველთვიურად ათი დღე საქართველოში იქნება, სადაც ძალიან ბევრ შეხვედრას გამართავს და ყოველი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს გააკეთებს.

"ივნისის ბოლოს იქნება ძალიან სერიოზული კვლევა იმის თაობაზე თუ როგორ წარიმართა სხვადასხვა სახის რეფორმები საქართველოში და საბოლოო ჯამში როგორი გამჭვირვალე იყო მთელი ეს პროცესი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ ამ საკითხს შეეხო, ასევე ისაუბრეს იმაზე თუ რომელ უწყებასთან ექნება ჰამერბერგს აქტიური თანამშრომლობა. ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ამ უწყებათაგანია, თუმცა არა მთავარი, რადგან თემატურად ეს საკითხები საგარეო უწყებას პირდაპირ არ ეხება.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებაც თუ საერთოდ სად დგას ახლა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და რა პროგრესია ამ მიმართულებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.