საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს იმ რამდენიმე ქვეყნის საჯაროდ დასახელებას დაჰპირდა, სადაც პრეზიდენტი მსგავსი უფლებებით სარგებლობს.
როგორც ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილმა ასეთი ქვეყნების დასახელება ვერ შეძლო, თუმცა დაჰპირდა, რომ მოიძიებს და საჯაროდ დაასახელებს.
"შევახსენე საინტერესო საკითხები. მაგალითად, ჩემი ბოლო მიმართვა, რასაც საჯარო პასუხი ვერ გასცა და პოზიცია არ ჩამოუყალიბებია. ამაზე მითხრა, რომ რა უნდა ვთქვა, ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკააო. მე დავუკონკრეტე – როგორ ჩვეულებრივი, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, ამის შემდეგ მან მიპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითს მომიყვანს, თუმცა ვერცერთი ვერ მოიყვანა, ვერცერთი ქვეყანა ვერ დაასახელა. დამპირდა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა და რამდენიმე ქვეყანას დაასახელებდა, სადაც მსგავსი უფლებები აქვს პრეზიდენტებს. აბა, დაელოდეთ. იქ ვერ გაიხსენა, ამიტომ თქვა, რომ მოძებნის და საჯაროდ იტყვის", - განაცხადა ივანიშვილმა.