საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დემოგრაფიული ფონდის დაარსების ინიციატივას მიესალმება, - ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" გამოუგზავნეს .
პრემიერი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
"შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. გაერო-ს მონაცემებით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და თუ პრობლემას დროზე არ ვუშველეთ, თუ თანმიდევრულ და ამავე დროს, სასწრაფო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეჭვქვეშ დადგება ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მთლიანად ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა. შევიმუშავებთ სპეციალურ კონცეფციას, რომელიც კონცეპტუალურად განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა, პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენი საზოგადოების ღრმად გააზრებული და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი, დიდი ძალისხმევის გარეშე, ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ფონდის დაარსების ინიციატორებს და ყველას, ვინც ამ ფონდში შეტანილი წვლილით უდიდეს სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანას და მომავალს",-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დღეს დაფუძნდა. აღნიშნული ფონდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფონდის მთავარი მიზანია, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება. ფონდში შეიქმნა ასევე ექსპერტთა საბჭო, სადაც შევლენ როგორც პროფესიონალი დემოგრაფები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ისინი შეიმუშავებენ ერთობლივ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
ფონდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთში მოღვაწე მომღერლები თამარ გვერდწითელი და ვალერი მელაძე. თუ ვინ შევა ფონდის საკონსულტაციო საბჭოში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ფონდის საპატიო თავმჯდომარეა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ფონდს ჰყავს ექვსი დამფუძნებელი და ესენი არიან დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.