ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დაფუძნდა. როგორც ჟურნალისტებს ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა , აღნიშნული ფონდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა.
მისი თქმით, ფონდის მთავარი მიზანია, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება. პრიორიტეტი არის შობადობის გაზრდა და ყოველ მესამე შვილზე დახმარების გაწევა. ეს იქნება ფულადი წახალისება და არ იქნება ერთჯერადი, თუმცა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ფონდში შეიქმნა ასევე ექსპერტთა საბჭო, სადაც შევლენ როგორც პროფესიონალი დემოგრაფები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ისინი შეიმუშავებენ ერთობლივ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
როგორც თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ფონდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთში მოღვაწე მომღერლები თამარ გვერდწითელი და ვალერი მელაძე. თუ ვინ შევა ფონდის საკონსულტაციო საბჭოში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ფონდს, მისი საპატიო თავმჯდომარეა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ფონდს ჰყავს ექვსი დამფუძნებელი და ესენი არიან დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.