საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისთვის ქვემო ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში სადიკოვის განცხადებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი , - ამის შესახებ ნათქვამია ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ალი მამედოვის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის საპასუხოდ გაავრცელა.
მამედოვის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის "შუღლის გაღვივებას ცდილობს და ქვეყანაში სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს, რაც, შესაძლოა, მთავრობის დათხოვნის საბაბად გამოიყენოს".
"მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს უპასუხისმგებლო პოლიტიკას და განცხადებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სააკაშვილის ეს განცხადება ემსახურება არა პრობლემის მოგვარებას, არამედ პირიქით, მასში იგრძნობა პრობლემის შექმნის სურვილი. ეს არ არის სახელმწიფო მოხელისა და პრეზიდენტის განცხადება, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული ადამიანის აგონიური განცხადებები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის შემოტანას. პრეზიდენტმა ასევე იცრუა, როდესაც რაბათში მინარეთების მშენებლობის შესახებ განაცხადა, რადგან იქ მინარეთის მშენებლობა არ მიმდინარეობს. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთად იღწვიან ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მამედოვის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.
"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.