საზოგადოება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შედეგს ელოდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა , რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციას ესწრება.
მისი თქმით, ეს შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად სად გაიმართება შეხვედრა.
"ბევრი საკითხია განსახილველი. ეს არის პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხები, თუმცა, მის დაკონკრეტებას არ დავიწყებ. აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად მზად არის უმცირესობა ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ ითანამშრომლოს, რადგან ის, რაც გვესმის ხშირად, სასაცილოა. მაგალითად, საუბრობენ, რომ კონსტიტუცია არ ვარგა, მაგრამ არ ვაპირებთ გამოვიყენოთო, თუმცა ვერბალური განცხადება "ნაციონალური მოძრაობისგან", მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილისგან არ არის დამაკმაყოფილებელი", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ ვითარებაში ამ თვეში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი აუცილებლად იქნება განხილული და კენჭიც ეყრება.