პარლამენტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს .
ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის, რომელსაც ხვალ პირველი მოქმენით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.
პროექტის თანახმად, დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.
აღნიშნული ცვლილებები შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. კანონპროექტით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა.
"კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუმართლებლად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც თავის მხრივ უსამართლობის განცდას ამკვიდრებს. ამ პრინციპის არსებობა ასევე იწვევს გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას", – განმარტავენ ინიციატივის ავტორები.