საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომხრეა, გაჩნდეს დიალოგისა და პრობლემების ცივილიზებული გადაწყვეტის გზა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხვალ დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ მისთვის არ არის ცნობილი სად გაიმართება ეს შეხვედრა. "პრემიერ-მინისტრმა გახსნა დიალოგის დაძლევის სივრცე. ეს არის სივრცე, რომელიც აძლევს შესაძლებლობებს მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, იპოვონ გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც თავად შევიდა. მათ უნდა გამოიყენონ სივრცე დიალოგის და სივრცე გამოსავლის პოვნის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ასეთი ფორმით ურთიერთობა არც უმცირესობისთვის არის კარგი და არც ქვეყნისათვის.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა თემაზე იქნება ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი, ბესელიას განცხადებით, ყველაზე ცხელი პოლიტიკური საკითხი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, დაძაბულობა, რომელიც ბესელიას თქმით, იქმნება ოპოზიციის მხრიდან, ასევე, საბოტაჟის გარკვეული ფაქტები და, შესაბამისად, ამ თემებზე იქნება სწორედ ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი.