ყველა მხარის ნაბიჯები სახელმწიფოს გაძლიერებისკენ უნდა იყოს გადადგმული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ხვალ დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტრატეგიული საკითხები განიხილება.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს უმცირესობა, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ის ვერაფერს იტყვის. "თუმცა, ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილის მხრიდან გადადგმული უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს განმტკიცების და მისი გაძლიერებისკენ", - აღნიშნა მან.
დავით სერგეენკო ეროვნულ ბიბლიოთეკაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციას ესწრება და როგორც მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილი. მისი თქმით, თავად ღონისძიება არაფერს წყვეტს, თუ არ დაიგეგმა და არ განხორციელდა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც აუცილებელია მიმართული იყოს საქართველოში დემოგრაფიული წონასწორობის აღსადგენად.