ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს, - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა .
როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ხელისუფლების პირველმა პირებმა გულისხმა უნდა ჰყონ, რა სჭირდება ერს, სამშობლოს, თითოეულ ადამიანს და ის უნდა აკეთონ.
"ჩვენ როგორი მეფეები და როგორი ხელისუფლები გვიყვარდა - რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ამყარებდნენ, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა იყო და ქვეყანას თავის გატანა შეეძლო... თუ ადამიანი, რომელიც ხელისუფლად დაადგინეს, ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს - როგორ გაერთონ, თუ ხელისუფალი კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ ხელისუფალი თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს - საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლ-შვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ შეიძლება განაბნიო ის, რაც ღმერთმა მოგცა. ამიტომ დაუდგება ის დრო, რომ ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება რაც არ უნდა ქონება ჰქონდეს დაგროვილი თავისი ხალხის ხარჯზე - ისევე, როგორც მამისგან გაქცეულ უძღებ შვილს დაემართა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, უფალი მოწყალეა და უდიდესი სინანულის შემთხვევაში ღმერთი ხელს არც ასეთ ადამიანს კრავს.
"მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ის აქვს მოსათხოვი, უფალმა მიიღოს იგი, როგორც ერთ-ერთი მუშაკთაგანი, რათა როგორც ერთმა მცირეთაგანმა ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ, რომ ძალიან დიდზე იყო დადგინებული და ვერ შეძლო. მეორე და მესამე ექსპერიმენტი, როცა საქმე ერს ეხება, გამორიცხულია", - ბრძანა მეუფე იაკობმა.