სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის დედის დღესასწაული , "უფრო სწორად კი დედ-მამის დღესასწაული". "რატომღაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ ხოლმე, თუმცა, ეს არის მშობლების დღესასწაული. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე, რადგან "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". სამშობლო არის ჩვენი პირველი მშობელი, დედაც და მამაც. ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი ძალა აქვს და მადლმოსილია ღვთის ძალით. "სანამ ცოცხალია თქვენი მშობლები, მიაგეთ პატივი, თაყვანი ეცით ყოველდღე, ემთხვიეთ ხელზე და სთხოვეთ დალოცვა და თქვენ ღვთისგან დალოცვილი იქნებით. ვისაც მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, უნდა გქონდეთ მათი სურათები, დრო და დრო გაუკეთოთ საკურთხი, ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს და ისინი თქვენს საუბარს შეისმენენ", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღვთის და მშობელთა ლოცვა-კურთხევა იყოს თითოეულ ადამიანსა და საქართველოზე.
უწმინდესმა ასევე უფალს შესთხოვა მთელი საქართველო დაბრუნდეს უფალთან, ქართველი ერი იყოს მისი სამწყსო და უფალი მწყემსი ჩვენი.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შევიწროებას განიცდიდნენ, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა, რამდენიმე დეკანოზს კი პატრიარქმა მიტრა გადასცა.
დღესვე დაილოცნენ შემდეგი გვარები: დეკანოიძეები, დეკანოსიძეები, ბრეგვაძეები, გოგუები, ბოკუჩავები, თევდორაძეები, კვანტალიანები, მოძღვრიშვილები და სულთანიშვილები.