მიხეილ სააკაშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რა რეალობა დადგა 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ შეხვედრა შედგება. "შეხვედრა კარგია, რომ შედგება. ჩემი აზრით, მართლაც დროა, რომ უმცირესობისა და ოპოზიციის ლიდერმა კარგად გაიაზროს, რა რეალობა დადგა 1-ელი ოქტომბრის შემდეგ და მაქსიმალურად გააკეთოს თავად ყველაფერი, რომ საზოგადოებაში კონსოლიდაცია იყოს და ნორმალური და სტაბილური პოლიტიკური პროცესები წარიმართოს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც. ის იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაწყდება.
ფანჯიკიძისა და ალასანიას კომენტარებს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება.