აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნოვრუზ მამედოვი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა , რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
როგორც "Nეწტიმეს.აზ "-სთან საუბარში ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამ გაოცება გამოიწვია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებში გარკვეული სახის პარალელების გავლება შეიძლება, ამავე დროს არ უნდა იქნას დავიწყებული ბევრი განსხვავებაც.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი საფრთხის შემცველ პოზიციას იკავებს აზერბაიჯანთან მიმართებაში, შეიძლება ასახავდეს მხოლოდ მის პირად მოსაზრებას. ვერ ვიჯერებ, რომ რაც მან განაცხადა ალეკპეროვთან და სხვებთან დაკავშირებით, რეალობაა. მე, როგორც სააკაშვილის მიერ ბაქოში გამართული არაერთი შეხვედრის მონაწილე, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი საკითხები მასთან განხილული არ ყოფილა და ამის საჭიროებაც არ იყო", - აღნიშნა ნოვრუზ მამედოვმა.
აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ნორმალური, მეგობრული ურთიერთობებია. "ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებით თავისი განცხადება გაახმოვანა, აზერბაიჯანსაც შეეხო", - დასძინა მამედოვმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.
"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ!მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.