შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მრავალშვილიან თანამშრომელ ქალებს დედის დღეს მიულოცავს. მინისტრი 11:00 საათზე რვაშვილიან თანამშრომელს, შორენა თოფურიას ესტუმრება და დედის დღეს პირადად მიულოცავს. მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება. შორენა თოფურიას ერთ–ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს–ში გაიარონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს-ს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება შესაბამისი წოდების მინიჭებაზე.
გარდა ამისა, მინისტრის სახელით, დედის დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცავენ. ისინი საჩუქრებსა და ფულად პრემიებს გადასცემენ მესტიაში მცხოვრებ ექვსი შვილის დედას ნანი გამყრელიძეს და ქობულეთის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ მრავალშვილიან ნანული ასაბაძეს.
სამინისტროს ცნობით, ასაბაძეს ოჯახის ორი ინვალიდი წევრის – ქმარ–შვილის სამკურნალოდ ბანკის სესხი აქვს აღებული. შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს და ასევე მედიკამენტების ხარჯებს დაუფარავს; ნანული ასაბაძის 21 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, შსს–ში სტაჟირებას გაივლის. მინისტრის ბრძანებით, ოჯახი დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერითაც.