პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის ადგილი, სავარაუდოდ, დღეს დაზუსტდება

პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრის ადგილი, სავარაუდოდ, დღეს დაზუსტდება

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ადგილი, სავარაუდოდ, დღეს დაზუსტდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს .
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს მეორედ ხვალ შეხვდებიან. საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს 4 მარტს შეხვედრა 1-ელ მარტს შესთავაზა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს 1-ელ მარტს სახელმწიფო კანცელარიაში ელოდებოდა, თუმცა, როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მასთან მისვლა პრეზიდენტმა გადაიფიქრა. ეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის გადატვირთული გრაფიკით ახსნა და მთავრობის თავმჯდომარეს შეხვედრა 4 მარტს, დილიდან შესთავაზა.

"28 თებერვალს საღამოს პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ამიტომ პრეზიდენტის შეთავაზებაა შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. აქვე ქვეყნის პირველი პირი საჯაროდ ადასტურებს, რომ მზად არის პრემიერს შეხვდეს იქ, სადაც მას სურს. დიახ, პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი უცხოეთში, მაგრამ ბუნებრივია, ის ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა. ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და მისი ინტერსია, შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგით და შეთანხმებით", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პრემიერის პრესსამსახურმა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი ორშაბათს შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.