საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარნეგის ცენტრში იმსჯელეს. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრას სამი ამერიკული ორგანიზაციის - ჯეიმს თაუნის ფონდის, ატლანტიკური საბჭოსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს ახალი მთავრობის საქმიანობა შეაფასეს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს. დისკუსიას ქართული მხრიდან უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ესწრებოდა.

"არჩევნების შედეგებმა, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიტაცებას ერთი ადამიანის მიერ. ეს არის ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენი, რომლის პერსონალური აქტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ის არის პარლამენტის უმრავლესობის მფლობელი, რადგან ბატონი ივანიშვილის საპარლამენტო სიის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ დეპუტატების უმრავლესობა ივანიშვილის გულუხვი ფილანტროპული დანახარჯებით სარგებლობდა. ისინი არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, ისინი არიან სპორტისა და კულტურის მოღვაწეები", - ტელეკომპანიის ცნობით, ამი ს შესახებ ვაშინგტონის ჯეიმს თაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა განაცხადა.

კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორ სვანტე კორნელსაც.

"მთავრობის, მათ შორის პრემიერის რიტორიკა ხანდახან უჩვენებს, რომ დაპატიმრებები შეწყდება, თუკი ყოფილი მთარობის წევრები უფრო მეტად ითანამშრომლებენ ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს კი სერიოზულ წუხილებს იწვევს", - აღნიშნა მან.

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებას შეხვედრაზევე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი, რომლის თქმითაც, ვლადიმერ სოკორიც არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"ბატონი სოკორი საუბრობს და განაჩენი გამოაქვს ყველა წინადადებაში, ის შეურაცხყოფას აყენებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, ამბობს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები არც ერთ სიტყვას, რომელიც ბატონმა სოკორმა თქვა. ჩვენი ამოცანაა ერთი – უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი ამნისიტიის კანონი, რომ ქვეყანაში მოვხსნათ შფოთის საფუძველი, რაც აქვს ძალიან ბევრ ჩინოვნიკს, რადგან იციან, რითი იყვნენ დაკავებულები მთელი წლების განმავლობაში. ამიტომ ეს უნდა მოვხსნათ, ჩვენი როგორც ხელისუფლების ამოცანაა, რომ სტაბილურობა შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს და განცდა იმისა, რომ შეიძლება მათთანაც მივიდეს გამოძიება, დავუკარგოთ. ამასთან, მეორე მხრივ, ის დანაშაულები, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი არსებობს, სწრაფად, თუმცა ეფექტურად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.