გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პროკურატურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პროკურატურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი თბილისის მერ გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოში განუცხადეს, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მეორე საჩივარი, სადაც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების არშეფარდებასთან დაკავშირებით.

პროკურატურის ორივე საჩივარი სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 10 აპრილის 15.00 საათისთვის დაინიშნა.

პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.