მიხეილ სააკაშვილი:  არის ლობირება ბევრ ქვეყანაში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარონ

მიხეილ სააკაშვილი: არის ლობირება ბევრ ქვეყანაში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარონ

პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს სიტყვით მიმართა. 

"საქართველოს აქვს თავისი პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული პრობლემები, ოცი პროცენტი საქართველოს ტერიტორიის არის ოკუპირებული ჩვენზე ასჯერ დიდი მეზობლის მიერ. იმ ქვეყნებს, ვისაც აქვთ იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის გამოცდილება, ამ ქვეყნებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, პოსტკოლონიური და პოსტიმპერიული სინდრომი, როცა შენი ტერიტორია არ გყოფნის და გინდა სხვისი ტერიტორიის მითვისება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს თემები, მაგრამ ამავე დროს, თითქმის ნახევარი მილიონი ჩემი ქვეყნის თანამოქალაქე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ეს ტერიტორიები არის დაცარიელებული, აფხაზეთის ნახევარი არის პრაქტიკულად ცარიელი. ცხინვალის რეგიონი თითქმის მთლიანად არის ცარიელი. მხოლოდ ექვსი თუ შვიდი ათასი ადამიანი არის იქ დარჩენილი",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ლობირება მიმდინარეობს.

"მე ვიცი, რომ არის ლობირება იმის თაობაზე, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ზოგიერთ თქვენს ქვეყანაში, ეს ქვეყნები აღიარებული იქნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მადლიერი ვართ სწორედ იმისა რომ თქვენ პატივს სცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დიდი საერთაშორისო უკანონობა ამ დანაშაულის დაკანონება და ამ უსამართლობის, რომელიც ხდება ამ ტერიტორიებზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობის განცდა დღევანდელ მსოფლიოში რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებლების აღსავსე ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ მოვახერხეთ, ვახერხებთ და იმედი მაქვს მომავალშიც მოვახერხებთ ამ საკითხების დაცვას თქვენთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომელსაც იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი ხელმძღვანელობს. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, კოჰაბიტაციის პროცესი და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი იყო.