"საბას" მფლობელი - შეიძლება იყო მოწყობილობა ხანძრის ხელოვნურად გამოწვევის მიზნით

სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელმა პაატა კაჭარავამ შენობის გარე პერიმერტზე ვიდეოკამერების მიერ გადაღებული მასალა გამოძიებას გადასცა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პაატა კაჭარავამ განუცხადა, მასალებში ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ რაც დაცვამ ელექტროენერგია გამორთო, 10 წამის ინტერვალში იყო რაღაც ნათებები.

"20-20 მეტრში 10 წამის ინტერვალით ხდება უცნაური ნათებები, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც მოწყობილობა, დამონტაჟებული ხანძრის ხელოვნურად გამოწვევის მიზნით" - აცხადებს კაჭარავა.
მისივე თქმით, გავრცელებული ვერსია, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა აბსურდულია.

კაჭარავა განმარტავს, რომ შენობის შიდა პერიმეტრში კამერები დამონტაჟებული არ იყო, რადგან თავის დროზე კამერებზე იქ მომუშავე ადამიანებმა თქვეს უარი.

"საბაში" მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრის მფლობელი პაატა კაჭარავა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოში გუშინ დაიკითხა. რაც შეეხება ხანძრით გამოწვეულ ზარალს, როგორც კაჭარავა ამბობს, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მის ოდენობად ადგენს.

ამასთან, "საბაში" მდებარე იმ მაღაზიებმა, რომლებიც ხანძარს გადაურჩა დღეს განაახლეს მუშაობა.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი 26 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 6000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.