გიგა ბოკერია:

გიგა ბოკერია: "სვიატოსლავ მელაის პირადი ანგარიშსწორების გამო დევნიან, რამაც გაგვიძლიერა განზრახვა, მისთვის მოქალაქეობა მიგვენიჭებინა"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "სვიატოსლავ მელაის უკრაინაში პირადი ანგარიშსწორების გამო დევნიან, რის გამოც მას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა".

"ბატონი მელაი არის უკრაინელი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელება და ასევე მოისურვა, რომ გამხდარიყო საქართველოს მოქალაქე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა უკრაინაში. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომლის საფუძველზე აშკარა გახდა, რომ ადგილი აქვს პირად ანგარიშსწორებას, კერძოდ, მაღალი თანამდებობის მხრიდან, რამაც კიდევ უფრო გაგვიძლიერა ის განზრახვა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიგვენიჭებინა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ პირობებში, რომ ჩვენი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით მის სამშობლოში დევნა ხორციელდება", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა იაკობ ტაბაჩნიკმა გუშინ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ძალიან წუხს, თუკი დღეს საქართველოს კანონს ივანა მელაი არეგულირებს".

ამის შესახებ მან პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სვიატოსლავ მელაისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩემთან მოვიდა საქართველოს ელჩი უკრაინაში და გადმომცა საქართველოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის დანაბარები იმასთან დაკავშირებით, რომ მე ცუდად არ მოვქცეოდი ივანა მელაის ოჯახის წევრებს. მე მას განვუმარტე, რომ მხოლოდ ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას ვცდილობდი. პრეზიდენტს აქვს უფლება, მოქალაქეობა ნებისმიერ პირს მიანიჭოს, თუმცა თუ ის ასეთი სამართლიანია, არ მესმის მისი გადაწყვეტილება. თუ დღეს საქართველოს კანონს ივანა მელაი არეგულირებს, მაშინ ძალიან ვწუხვარ ამის გამო", - აღნიშნა ტაბაჩნიკმა.

სვიატოსლავ მელაი წითელი ცირკულარით იძებნება. უკრაინის პროკურატურა მას თაღლითობისა და მოტყუების გზით გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების დაუფლებაში სდებს.

ცნობისთვის, სვიატოსლავ მელაი საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის მამაა.