საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომაზე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი დამტკიცდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს გადაეგზავნება.

დოკუმენტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გეგმებს მოიცავს და უწყებათაშორისი რამდენიმეთვიანი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს.

"რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია იმყოფებოდა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი პოლიტიკური კომიტეტის დონეზე განიხილეს. ნატოელმა პარტნიორებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს დოკუმენტის სრულყოფილად მომზადებისათვის", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2009-2010-201-2012 წლების წლიური ეროვნული პროგრამები ნატოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. 2013 წლის პროგრამა რიგით მეხუთე დოკუმენტია.