"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანისგან კონკრეტულ კითხვაზე – აქვს თუ არა მას უმაღლესი იურიდიული განათლება - პასუხს ითხოვს. როგორც გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი განათლების შესახებ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია, არ არის საკმარისი იმისი დამადასტურებლად, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს. 

"იუსტიციის მინისტრს ამავდროულად აქვს პროკურორის უფლებები. პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლი კი პირდაპირ ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული კითხვა – აქვს თუ არა თეა წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება. ამ კითხვაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ "თეა წულუკიანმა ამ გარკვეული უხერხულობის შესახებ იცოდა". მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ თეა წულუკიანის ინიციატივა, რომ იუსტიციის მინისტრს ჩამოშორებოდა პროკურორის უფლება, ერთგვარი პრევენციაა, რათა მას თანამდებობაზე ყოფნისას აღნიშნული მუხლის მიმართ ვალდებულება არ ჰქონოდა.

"თეა წულუკიანი არის დიპლომირებული, უმაღლესი დონის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მაგრამ არა სამართლის სპეციალისტი. სხვა მინისტრებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ხოლო იუსტიციის მინისტრის მიმართ ეს არის კანონის მოთხოვნა", - აღნიშნა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხის საბოლოოდ გასარკვევად საჭიროა მისი პირადი საქმის გამოთხოვა იუსტიციის სამინისტროდან.