გარდაბანში აზერბაიჯანელეთა და ქართველთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეები გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაბნელი მილიარდელები სადიკოვი და ალეკპეროვი მოსკოვში შექმნილი დიასპორიდან ცდილობენ დესტაბილიზაციის შექმნას აზერბაიჯანსა და საქართველოში.
როგორც დღევანდელი კონფერენციის მონაწილეები აცხადებენ, არანაირი სეპარატიზმის საფრთხე ქვემო ქართლის რეგიონში არ არსებობს, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობენ და კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდონიბით მსგავსი განცხადების გაკეთა პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იყო. თუმცა, დღევანდელ კონფერენციაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ გარდაბანში გარკვეული ჯგუფი მოქმედებს, რომელიც აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გარდაბანი ორ ზონად ქართულ და აზერბაიჯანულ ზონებად უნდა დაიყოს, რაც ასევე საეჭვოდ დაემთხვა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.
კონფერენციის მონაწილეები დღეს აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება მსგავსი განცხადება გაეკეთებინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე განცხადება გუშინ, ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.
"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ!მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.