"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების" პრეზიდენტი გიორგი კოდუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ავიაბილეთებზე მაღალი ფასებია.
როგორც კოდუა მიმართვაში განმარტავს, აღნიშნულს ორი მიზეზი აქვს _ ავიასაწვავზე მაღალი ფასი და ავიარეისების სახმელეთო მომსახურებაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონოპოლია.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ავიაბილეთებზე მაღალი ფასი ძალზედ მტკივნეული საკითხია, როგორც მგზავრთათვის, ასევე ქართული ავიაკომპანიებისთვისაც. ჩვენი ორგანიზაციის, "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების" მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული საკითხი და გვინდა ჩვენი მოსაზრებები გაგიზიაროთ იმ მიზეზებზე, რომლებმაც გამოიწვია ავიაბილეთების ფასის გაძვირება.
არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, პირველი, ეს არის მაღალი ფასი ავიასაწვავზე და მეორე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონოპოლია ავიარეისების სახმელეთო მომსახურებაზე.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ავიასაწვავის ძირითადი მომწოდებლები არიან "GP (Georgian Petroleum)“, „BP“, „Wissol"-ი და ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის ნავთობბაზა, რომლებიც ქართულ ავიაკომპანიებს ამარაგებენ ორი მარკის ავიასაწვავით Jet A-1 მარკის ძვირი ავიასაწვავით, რომლის მოწოდებაც ხდება ევროპიდან და TC-1 მარკის იაფი ავიასაწვავით, რომლის მოწოდებაც ხდება აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა კომპანია "Socar"-მა შეიძინა "GP", სხვა კომპანიებს საშუალება აღარ აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ TC-1 მარკის იაფი ავიასაწვავი, რადგან აზერბაიჯანმა საერთოდ უარი განუცხადა მათ TC-1-ის მიყიდვაზე და ასევე თავის ტერიტოტიაზე არ ატარებს ზემოხსენებული კომპანიებისთვის განკუთვნილ თურქმენულ და ყაზახურ ავიასაწვავს. ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიებს უწევთ TC-1 მარკის იაფი ავიასაწვავის შემოვლითი გზით (რუსეთისა და უკრაინის გავლით) შემოტანა, რაც იწვევს საწვავის გაძვირებას. შესაბამისად, თუ ბაზარზე "Socar"-ის შემოსვლამდე ავიასაწვავის ფასი იყო საბირჟო ფასს (Platc) პლუს 50 აშშ დოლარი, დღეს ფასი მერყეობს საბირჟო ფასს (Platc) პლუს 100-150 აშშ დოლარს შორის, რაც შესაბამისად აისახება ბილეთის ფასზე.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ის მდგომარეობს შემდეგში. როგორც მოგეხსენებათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია თურქული კომპანია "TAV Urban Georgia", რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მიენიჭა ექსკლუზიური უფლება ავიარეისების სახმელეთო მოემსახურებაზე (Ground Handling) და, შესაბამისად, ის არის მონოპოლისტი ამ ბაზარზე. კონკურენციის არარსებობა საშუალებას აძლევს "ტავ ურბან ჯორჯია"-ს ავიარეისების სახმელეთო მომსახურებისათვის დააწესოს შეუსაბამოდ მაღალი გადასახადები, ხოლო ავიაკომპანიები იძულებულნი არიან გადაიხადონ ისინი, რაც ასევე იწვევს ბილეთის ფასების ზრდას.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში, რომლის მმართველობასაც, ისევე, როგორც თბილისში, ახორციელებს "TAV Urban"-ი, ავიარეისებს სახმელეთო მომსახურებას უწევს რამოდენიმე კომპანია, რადგან თურქეთის მთავრობას კარგად ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კონკურენციას ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისათვის და არ დაუშვეს, რომ "TAV Urban"-ი ყოფილიყო ერთადერთი მოთამაშე ამ ბაზარზე", - აცხადებს კოდუა მიმართვაში.
ამასთან, "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების" პრეზიდენტი უწყებას თხოვს, მის მიმართვაში გამოაშკარავებული პრობლემატური საკითხების უფრო საფუძვლიანი შესწავლა მოახდინოს და ყველა ღონე იხმაროს მათ მოსაგვარებლად. "მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ავიაბილეთების ფასის შემცირებას და, შესაბამისად, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", - განმარტავს კოდუა.