იუსტიციის სფეროში მაღალი სპეციალური ჩინის მქონე პირები შესაძლოა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.
ამას დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "ნოტარიატის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ ნოტარიუსად დანიშვნის წესი სხვა სამართალდამცავ ორგანოებში თანამდებობაზე დანიშვნის წესებს უნდა გაუთანაბრდეს და პროფესიული საქმიანობისთვის "ხელოვნურად და უკანონოდ შექმნილი ბარიერი" გაუქმდეს.
სადღეისოდ მოქმედი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა კანონით დადგენილი წესით შეიძლება საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ დაიკავოს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამასთან, მოქმედი კანონით, პირი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდება, თუკი მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო, კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.
დავითაშვილის მიერ შეთავაზებული პროექტის თანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან ასევე უნდა გათავისუფლდნენ პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ იუსტიციის უფროსი, სახელმწიფო ან მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება, ასევე ისინი, ვისაც მოსამართლის თანამდებობა უკავიათ, ან მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა შვილი წელი.
გარდა ამისა, დავითაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლედება პირი, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ან გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი ან შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.