სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ერთ-ერთი გირაო, 10 000 ლარის ოდენობით, უკან დაუბრუნდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომას მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვება და აღნიშნულ პროცესზე გიორგი კალანდაძესთან ერთად, ბაჩანა ახალაიას, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილება, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და პროცესს არ ესწრებიან.
მოსამართლემ სხდომის დაწყებისას მხარეებს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხა გააცნო, რომელიც სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კალანდაძის მიმართ 2012 წლის 12 და 19 ნოემბერს ბრალის დადგენილება წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოსამართლის თქმით, გიორგი კალანდაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა 2012 წლის 5 დეკემბერს, შესაბამისად, ბრალის წარდგენის მომენტში იგი გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალანდაძის მიმართ 2012 წლის 12 და 19 ნოემბერს ბრალის წარდგენის დადგენილება გაუქმდა, იმის გამო, რომ იგი იუსტიციის მინისტრს არ წარუდგენია. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი 2012 წლის 12 ნოემბრის ბრალის წარდგენის შემდგომი დაკითხვის ოქმი, ასევე პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ. ასევე გაუქმდა სასამართლოს განჩინება, კალანდაძისთვის გირაოს - 10 000 ლარის ოდენობის შეფარდების ნაწილში. საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა შემტანს დაუბრუნდება.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვტილებით, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა გაგა მკურნალიძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების დაუშვებლად ცნობის შესახებ. მოსამართლის თქმით, ბრალდებულს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება სასამართლოზე ისედაც გააჩნია.
ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების – გიორგი კინწურაშვილისა და მანუჩარ დარასალიას გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების დაუშვებლად ცნობის შესახებ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნუსხა, რომელიც დასაშვებად მიიჩნია, მხარეებს დეტალურად გააცნო.
ამ წუთებში პროცესზე მტკიცებულებათა ნუსხას დაცვის მხარე წარმოადგენს.