ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჟაკ-მარკ კარპელეს შეხვდა.
როგოც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივ პროექტებზე და ქართულ-ფრანგული პარტნიორობის განვითარებაზე. შეთანხმების შედეგად, წლის განმავლობაში მოხდება ფრანგი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება.
"პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. შევთანხმდით, რომ როგორც მათი წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს და ადგილზე ნახავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოშია, ასევე ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში გავაკეთებთ დიდ პრეზენტაციას საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
"შეხვედრისას, ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ფრანგი ბიზნესმენები ჩამოვლენ საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ბიზნეს კლიმატს, საგადასახადო სისტემას. ასევე, წელს შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ სპეციალური პრეზენტაციის ორგანიზება საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ფრანგი ბიზნესმენების დაინტერესებას თქვენი ქვეყნისადმი", - განაცხადა პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟაკ-მარკ კარპელემ.