რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი "ქრონიკაში" გასული სიუჟეტის შესახებ განმარტებას ავრცელებს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გასული სიუჟეტის შესახებ განმარტებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"28 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გახმაურებული საქმეების გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ამგვარ საქმეებს შორის დასახელებული იყო გალის რაიონში ვალმერ ბუთბას მკვლელობის საქმე. აქვე ნათქვამი იყო, რომ ზაქარეიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაული ქართველმა სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. სიუჟეტში სახელმწიფო მინისტრის კომენტარი მიბმული იყო იმგვარად, თითქოს, მისი მხრიდან დასმული კითხვები ბუთბას მკვლელობის მსგავს საქმეებს ეხება. სინანულით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო მინისტრს "ქრონიკისთვის" მიცემულ კომენტარში ვალმერ ბუთბას მკვლელობა არ უხსენებია და წინა მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობდა. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ პაატა ზაქარეიშვილის კომენტარის სრულ ვერსიას. ამასთან, განვმარტავთ, რომ მთავარ პროკურატურას სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თემაზე მიმართა, რის რეკომენდაციაც საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა იმჟამინდელმა კომისარმა თომას ჰამარბერგმაც მისცა.

"როგორც ყოველთვის - ამ ბოლო დროს, ბატონმა სააკაშვილმა ახლაც მიმართა ძალიან პრიმიტიულ და უსუსურ ფორმას ტყუილისას, დაგვაბრალა ის, რაც მე არ მითქვამს და აქედან უნდოდა, აეგო გარკვეული პროვოკაცია და თავისი უსუსური პროპაგანდისტული შემოტევა, რაც არის ძალიან სასაცილო. ვინაიდან იგი ხელისუფლების წარმომადგენელია (თუმცა, უზურპირებული ხელისუფლების) ამიტომ, იძულებული ვართ, ზოგჯერ ვუპასუხოთ, ვინაიდან რადგან მას გასვლა აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ მე მინდა, გავიმეორო ის, რაც ვთქვი - სააკაშვილმა მოიტყუა, გააყალბა ჩემი ციტატა, ჩემი მკაფიო, ცალსახა პოზიციისა, რომ უნდა დადგეს საკითხი, განვიხილოთ და გამოვიკვლიოთ, რამდენად ვერ შეეწინააღმდეგა სააკაშვილის ხელისუფლება და რამდენად შეუწყო ხელი რუსეთის აგრესიის განხორციელებას საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები. აუცილებელი არ არის, იყოს სისხლის სამართლის საკითხები, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყოფილი ხელისუფლების როლი იმაში, რასაც დღეს ჰქვია ოკუპაცია და დამოუკიდებლობის აღიარება. იმიტომ, რომ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყოველთვის ჩვენი მთავრობისკენ გადმოდის ისრები, თითქოს, რაღაც პრორუსულ პოლიტიკას ვახორციელებთ, როცა თვითონ განახორციელეს პრორუსული პოლიტიკა.

არსებობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი, სადაც ნელა, მაგრამ მაინც თბილისი მართავდა - რუსეთი მონაწილეობდა პროცესში, მაგრამ პროცესს თბილისი მართავდა, იმიტომ რომ აფხაზებს და ოსებს არავითარი შანსი არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის. მათ იცოდნენ, რომ საქართველოსთან ვაჭრობა, საქართველოსთან ურთიერთობა მათთვის საჭირო იყო და რუსეთი ვერ ერეოდა პროცესს, აღიარებდა რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2006 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილმა რაღაც მანქანებით, ვიღაცის რაღაც რეკომენდაციებით, ჯერ ჯარები შეიყვანა კოდორის ხეობაში და დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებები - კოდორის ხეობაში არც საქართველოს ჯარს, არც აფხაზურ ფორმირებებს და რუსეთის ჯარს არ ჰქონდათ ყოფნის უფლება. მხოლოდ ადგილობრივ სვანებს უნდა ეკონტროლებინათ სიტუაცია კოდორის ხეობაში. სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა შეიყვანეს იქ შეიარაღებული ძალები და გაწყდა ყოველგვარი კონტაქტი აფხაზურ მხარესთან. კოდორის ხეობას დაერქვა ზემო აფხაზეთი. ვინმეს ახსოვს დღეს ეს? იქ შეიქმნა რაღაც სტრუქტურები და დღეს კოდორის ხეობა ჩვენი არ არის.
ასევე, 2006 წელს, ნოემბერში, კოკოითი ატარებდა ე.წ. არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და სააკაშვილმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ახალგორელებს ვითომ აარჩევინა ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევის სახით. დიმიტრი სანაკოევს პირდაპირ არ ვერჩი, უბრალოდ, არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ სპექტაკლში. ეს სააკაშვილის ავანტურისტული იდეა იყო. მან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაცია. ამით პარქტიკულად აღადგინა სამხრეთ ოსეთი იმავე საზღვრებში, რომელშიც სტალინმა შექმნა. დღეს უკვე ჩვენ სტალინს ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ეს იყო უდიდესი დანაშაული ჩადენილი სააკაშვილის მიერ. ამიტომ ჩვენ კითხვები გვაქვს - რატომ გააკეთა ეს? ამით გაწყდა ყოველგვარი კონტაქტები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დონეზე და რუსეთმა აიღო კონტროლი.

2006 წლიდან დაიწყო მოძრაობა 2008 წლის აგვისტოსკენ. გვაქვს უამრავი კითხვა და ამიტომ ეს გამოძიებული უნდა იქნას. მე არ ვამბობ, რომ მე ვარ მართალი, არ ვამბობ, რომ ეს ასე იყო. მე მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები. ამიტომ ვთვლი, რომ იმისთვის, რომ შეწყდეს მათი ამორალური, ამაზრზენი ბრალდებები ახალი მთავრობის მიმართ, საზოგადოებამ უნდა ნახოს, ვინ არიან ისინი. უნდა დაისვას კითხვები - რატომ სჯეროდა სააკაშვილს რუსეთის. სააკაშვილი ამბობდა 2007 წლის დეკემბერში, რომ რუსებს მასთან წამოსცდათ, რომ მათ ცხინვალი არ აინტერესებთ. თუ როგორ არ აინტერესებდა ცხინვალი რუსეთს, ყველამ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. ანუ რუსეთს სააკაშვილი ჩათრეული ჰყავდა თავის გრავიტაციაში და იწოვდა მას ომისაკენ. მას საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსებს ეს წამოსცდათ. უნდა დაისვას კითხვა - როდის, სად წამოსცდა რუსეთს, რომ მას არ აინტერესებს ცხინვალი.

2007 წლის მაისში, როცა კოდორის გამო აფხაზებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვეტილია როგორც მოგვიანებით გამოქვეყნდა ინფორმაცია ვიკილიქსზე, ტეფტს ჩამოაქვს სოხუმიდან ინფორმაცია ბაღაფშისგან, რომ ბაღაფში მზადაა, ელაპარაკოს საქართველოს მთავრობას. მერაბიშვილი დასცინის ბაღაფშს, ტეფტს ეუბნება, ეგ ლოთია, იქ ყველაფერს მართავს ანქვაბიო. ვინმე რუსი მაინც ეთქვა, ისევ ადგილობრივზე რომ თქვა. თუ ბაღაფში ლოთი იყო, ანქვაბს მაინც დალაპარაკებოდნენ. უნდა დაისვას კითხვა - რატომ არ გავიდნენ აფხაზურ მხარესთან სალაპარაკოდ, როცა აფხაზური მხარე მზად იყო მოლაპარაკებისთვის და შუამავალი იყო არა რუსეთი, არამედ ტეფტი - ამერიკის შეერთებული შტატები. და რას პასუხობს მერაბიშვილი? - მე გენერალ კომოგოროვისგან ვიცი (კომოგოროვი ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელის მოდგილე იყო, თანაც აქებს კომოგოროვს, მან კარგად იცის საქართველოს სიტუაციაო), რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებსო". ანუ როგორც ჩანს, კომოგოროვი კვებავდა მერაბიშვილს და სააკაშვილს აზრით, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, რომ ამიტომ რუსეთს უნდა სტატუს-კვოს შენარჩუნება და რუსეთის ინტერესებში არ არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. დღეს რა სიტუაციაა? ამიტომ დღევანდელი გადასახედიდან უნდა დაიკითხონ თუ არა ეს ფიგურები და უნდა დაესვათ კითხვები მათ, თუ როგორ მისცეს საშუალება, ჩათრეულიყვნენ რუსეთ-საქართველოს ომში იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა.

ასეთი კითხვა არის უამრავი. 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნები იყო და იმ დღეს ხურჩაში დაიწვა 2 ავტობუსი. გახსოვთ ალბათ, მთელი ის დღე ამაზე იყო ლაპარაკი. მაშინ ქართულმა პროპაგანდამ დააბრალა ეს აფხაზურ მხარეს, თითქოს, მათ დაწვეს ავტობუსები, რათა არ გადმოსულიყვნენ გალიდან ზუგდიდში ამომრჩევლები. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა დაწვეს ავტობუსები. ჟურნალისტებმა ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიება, ვახტანგ კომახიძემ გადაიღო ფილმი, სადაც ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, დადასტურებულია, დამტკიცებულია, თუ როგორ მოხდა ყველაფერი ეს. უნდა დაისვას თუ არა კითხვები - რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რატომ აბრალებდნენ აფხაზებს იმას, რასაც აფხაზები არ აკეთებდნენ?

2008 წლის 3 ივლისს დაიწყო უკვე სწრაფვა 8 აგვისტოსაკენ. 3 ივლისს მოხდა ტერაქტი სამხრეთ ოსეთში წვერიახოს შემოვლით გზაზე, სადაც დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი თითქოს ააფეთქეს. იქ არავინ დაღუპულა. ქართულმა მხარემ გაანადგურა ყველა ნივთმტკიცება, არ მიუშვა ადგილზე ეუთოს წარმომადგენლები და დააბრალა ყველაფერი ოსებს, ისე, რომ არ დაუმტკიცებია არაფერი. ნახევარ საათში თქვეს, ეს ოსებმა გააკეთესო და დაიკავეს სიმაღლე - სარაბუკის მთა. დაირღვა ჟვანია-კოკოითის 2004 წლის ნოემბრის ხელშეკრულება. ამის შემდეგ ოსებმა დაიწყეს ქართული სოფლების მასირებული დაბომბვა. მანამდე ეს არ ხდებოდა. ყოველდღე იბომბებოდა ქართული სოფლები, რათა მათ გაეთავისუფლებინათ ეს სიმაღლე ქართველებისაგან. ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ დავარღვიეთ ხელშეკრულება, როგორც მოსკოვის ხელშეკრულება კოდორის მიმართულებით. საბოლოო ჯამში დაბომბვებმა ისეთ ინტენსიურობას მიაღწია, რომ სააკაშვილმა უპასუხა ამ დაბომბვებს, ოსურ ბანდფორმირებებს და შეუქცევადად დაიწყო ის საშინელი ომი, რაშიც ჩათრეულნი ვიყავით ჩვენ რუსეთის მხრიდან. ამიტომ უნდა დაისვას კითხვები - რა მოხდა 3 ივლისს. გამოძიება უნდა ჩატარდეს - იყო თუ არა ეს ტერაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდეს, რომ ტერაქტი არ იყო ჩადენილი ოსების მხრიდან, ესე იგი საშინელ რამესთან გვაქვს საქმე. გამოკვლეული უნდა იყოს ყველაფერი. ამ დროს ესენი ასე უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩვენს მთავრობას აბრალებენ რაღაცებს.

2008 წლის 9 აგვისტო - სააკაშვილის ვერსიით, ომი დაიწყო 7 აგვისტოს, თუმცა, მხოლოდ მესამე დღეს, 5 საათზე ქვეყნდება პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. როგორც იქნა, ის მესამე დღეს მიხვდა, რომ ომიზა და აქვეყნებს ბრძანებულებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს ოსურმა ბანდფორმირებებმა დაიწყეს რა ინტენსიური დაბომბვა ქართული სოფლებისა, ქართული მხარე იძულებული იყო, ეპასუხა ცეცხლით და რომ 8 აგვისტოს რუსეთი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ 9 აგვისტოს 5 საათისთვის ჯერ კიდევ შეთხზული არ არის ლეგენდა, რომ რუსები შემოსული არიან 7 აგვისტოს. ეს არ არის ინტერვიუ, სადაც შეიძლება, რაღაც წამოსცდა. ეს კარგად გააზრებული დოკუმენტია. კითხვები არ უნდა დავუსვათ სააკაშვილს? თუ რუსეთი 8 აგვისტოს შემოვიდა, 7 აგვისტოს ვის ვპასუხობდით? უნდა ვკითხოთ, რატომ მოხვდა მის ბრძანებულებაში 8 აგვისტო, როცა მერე ლაპარაკობს 7 აგვისტოზე.
12 აგვისტო - სარკოზი ჩამოდის მოსკოვიდან, ჩამოაქვს სარკოზი-მედვედევის დოკუმენტი. მეექვსე პუნქტში ცალსახად და მკაფიოდ წერია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განისაზღვროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი. ანუ სარკოზიმ დააბა რუსეთი იმით, რომ რუსეთს თავისით არ ეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ანუ საერთაშორისო სამართალის პრიორიტეტზე მოაწერინა ხელი სარკოზიმ მედვედევს. სააკაშვილი რას აკეთებს? - ამ ექვსი პუნქტიდან ერთ პუნქტს იღებს. ის იღებს სიტყვას "სტატუსის განსაზღვრა" და "სტატუსის განსაზღვრას" ცვლის სიტყვებით "უსაფრთხოების განსაზღვრა", ამბობს - "საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების პირობების განსაზღვრა". მედვედევი ამბობს - სააკაშვილს არ უნდა სტატუსის განსაზღვრა, ამიტომ მე მათ ვაღიარებ. ანუ სააკაშვილმა ხელები გაუხსნა მედვედევს და რუსეთს ამ შემთხვევაში, რათა მათ ეღიარებინათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ჩვენ ვართ პრორუსულები, როცა ყველა ეს ნაბიჯი იყო რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული? ამიტომ, საჭიროა, გამოძიება ჩატარდეს და ყველამ იცოდეს, რა ჩაიდინა სააკაშვილმა ამ პერიოდის განმავლობაში", – ნათქვამია განცხადებაში.