გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული გიორგი ბარათელის ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალი ბრალდება მოეხსნება.
ბარათელს გამოძიება 378-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აკრძალული ნივთით სარგებლობას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, გიორგი ბარათელმა გასული წლის 27 ნოემბერს ხელით დამზადებული ცივი იარაღით თანასაკნელს, ზურაბ ჭონიაშვილს მცირე დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი, ეს ნივთი დაწესებულების დერეფანში დააგდო.
საქმის არსებითი განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
პროცესის დასაწყისში პროკურორმა ხარძიანმა მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით 20-წუთიანი შესვენება გამოეცხადებენა, რადგან მოუმზადებელი იყო. 20 წუთის შემდეგ პროცესი განახლდა და ბრალდების მხარის ერთი მოწმე, სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების თანამშრომელი მიხეილ დარბაიძე დაიკითხა. მოწმემ განაცხადა, რომ ბარათელმა კბილის ჯაგრისზე მიმაგრებული ლურსმნით თანასაკნელი მსუბუქად დააზიანა და ამ ფაქტს თვითონაც შეესწრო.
დაცვის მხარის, გიორგი ბარათელის ადვოკატის, მამუკა ნოზაძის განცხადებით, მოწმის ჩვენება დაუსაბუთებელია. ამასთან, საქმეში არსებობს უშუალოდ იმ პირის ჩვენება, რომლის დაზიანებასაც ბარათელს ედავებიან. ბარათელის თანასაკნელი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.
"მოწმის ჩვენება იყო დაუსაბუთებელი. ასეთივე ოთხი მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს, თუმცა ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ბარათელის მხრიდან რაიმე უკანონო ნივთის ქონას გამორიცხავს. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ უნდა მოხსნას ბრალი, თუ რა თქმა უნდა შერჩევით სამართალთან არ გვაქვს საქმე", - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა, რომელზეც საქმეა აღძრული, სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ბარათელი გლდანის #8 საბყრობილეში გადაიყვანეს.
მსჯავრდებულს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. ახალი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდება.