პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი "სააკაშვილის პროვოკაციული გამოსვლებით" შეშფოთებულია

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი "სააკაშვილის პროვოკაციული გამოსვლებით" შეშფოთებულია. 

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ჯავახეთსა და ქვემო ქართლთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს.

"ბოლო წლების განმავლობაში ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე საუბარი არ ყოფილა და სააკაშვილი ამას ავანტიურისტულად აკეთებს, აწყობს პროვოკაციას. აბსოლუტურად ვფლობ სიტუაციას როგორც ჯავახეთში, ისე ქვემო ქართლში და მას ასეთი პროვიკაციებით არაფერი გამოუვა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს მიუღია ისეთი ნდობა, როგორიც არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაიმსახურა "სააკაშვილის ხელისუფლების ტერორის და ზეწოლის მიუხედავად".

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს ახლაც სურს ის ავანტიურიზმი, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა, თუმცა ეს გამორიცხულია.

"არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, ისე უსინდისოდ ისაუბრა გარკვეული ადამიანების ციტატებზე, კეთილი ინებოს და დააზუსტოს ვინ რას ამბობს. არ შეიძლება ჰარიჰარალოზე ასეთი პროვოკაციების მოწყობა. მადლობა ღმერთს, ის დღეს არავინ არაა, ის ნულია, მას არავინ არსად უსმენს, მით უმეტეს ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ამიტომ არაფერი გამოუვა. რაღაც დაესიზმრა სააკაშვილს და დაიწყო ამ სიზმრების მოყოლა ჯავახეთსა და ქვემო ქართლთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მაინც არ ერქვას ამ ადამიანს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარ საფრთხეებზე განცხადება გუშინ, ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.

"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინ ე.წ ამნისტიით გაშვებულმა ჩახალიანმა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით "რედისონში" მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე, ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ! მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე, ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.