დავით ჭედია – გულიკო ზუმბაძის განცხადებები აბსურდულია

დავით ჭედია – გულიკო ზუმბაძის განცხადებები აბსურდულია

ბავშვთა და მოზრდილთა პოლიკლინიკების პრივატიზება კანონის შესაბამისად განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადება ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დავით ჭედიამ გააკეთა. 

ჭედია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა რომ პოლიკლინიკების პრივატიზებასთან დაკავშირებით გულიკო ზუმბაძის განცხადებები აბსურდულია.

"ყველა პოლიკლინიკის პრივატიზება მოხდა კანონის სრული დაცვით. იოტის ოდენა დარღვევა არ არსებობს და გულიკო ზუმბაძეს ცოტა მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება, იმიტომ, რომ უხერხულია საკრებულოს წევრისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება. ისიც ვერ გაურკვევია გულიკო ზუმბაძეს, რომ სტრატეგიას პოლიკლინიკაში ვინმე მყიდველი კი არა, ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, "-აცხადებს ჭედია და განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიკლინიკების პრივატიზება აუქციონის წესით განხორციელდა და აუქციონი განსაზღვრავს ობიექტის ღირებულებას.

მისივე თქმით, აუქციონში მონაწილეობა ყველა კომპანიას შეუძლია, როდესაც არ უნდა იყოს ის დარეგისტრირებული და ამის გაკონტროლება ქონების მართვის სამინისტროს არ ევალება. ჭედია ასევე მიიჩნევს რომ სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება უნდა გაგრძელდეს.

"ყველა იმ ობიექტის პრივატიზება უნდა განხორციელდეს, რომელიც კანონით არ არის აკრძალული, იმიტომ რომ ეს არის სოციალიზმის გადმონაშთი - სახელმწიფო საკუთრებაში გქონდეს რაღაც ობიექტები, რომლებიც სტრატეგიული და მნიშვნელოვანი არ არის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფერო სტრატეგიული და მნიშვნელოვანია",-აცხადებს ჭედია

გასხვისებული პოლიკლინიკების მედპერსონალი აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვს. ექიმებმა დღეს თბილისის საკრებულოში ბრიფინგი "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარესთან გულიკო ზუმბაძესთან ერთად გამართეს. როგორც ბრიფინგზე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, გასული წლის 20 ნოემბერს მედპერსონალის პროტესტის მიუხედავად, ქალაქის ქონების მართვის სამსახურმა გაასხვისა მე-13 ბავშთა პოლიკლინიკა და ასევე მოზრდილთა პოლიკლინიკა "შუა ქალაქში". მისივე თქმით, თბილისის მერის გიგი უგულავას და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დავით ჭედიას მოქმედება არის დანაშაული და სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარე მოითხოვს, რომ აუქციონი გაუქმდეს და აღნიშნული პოლიკლინიკები დარჩნენ მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა ისინი მოემსახურონ მთაწმინდის და სხვა რაიონების მოსახლეობას და განახორციელონ საყოველთაო დაზღვევის პროგრამები.