ალექსი პეტრიაშვილი - პრეზიდენტმა უნდა დაასრულოს ბავშვურად ქცევა

ალექსი პეტრიაშვილი - პრეზიდენტმა უნდა დაასრულოს ბავშვურად ქცევა

პრეზიდენტმა უნდა დაასრულოს ბავშვურად ქცევა და მეტი სერიოზულობით მიუდგეს საკითხებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ევროპისა და ევროატლანტიკური საკითხებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა. 

პეტრიაშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის დღეს დაგეგმილი შეხვედრის გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შეხვედრის გადადების მიზეზი სააკაშვილის "სადღაც" გამგზავრება გახდა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეხვედრის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ პრეზიდენტი ვიზიტით გაემგზავრა სადღაც. პრემიერი გამოხატავს მზადყოფნას უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით გამართოს მასთან მოლაპარაკება და პრეზიდენტმაც უნდა დაასრულოს ბავშვურად ქცევა და მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ საკითხებს. მთავრობის ხელმძღვანელი მზადაა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეთანხმება შედგეს. დადგა დრო, სააკაშვილმა სიცხადე შეიტანოს იმასთან დაკავშირებითაც თუ რას ფიქრობს ის საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, მან ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრიდან ეკონომიკური კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ელოდება.

"შეხვედრის კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ არის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა. მხარეები ალბათ, განიხილავენ იმ დინამიკას, რომელიც პირველი შეხვედრიდან დღემდე არსებობდა. კარგია, რომ ეს ფორმატი ფართოვდება და იცვლება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

აღნიშნულის მიუხედავად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი მაინც მთავარ ფორმულად რჩება.
"მარტის თვეში მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი შედგება", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.