კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურებში სტაჟირების წესი მთავრობამ უნდა განსაზღვროს

კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურებში სტაჟირების წესი მთავრობამ უნდა განსაზღვროს

დეპუტატი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურებში სტაჟირების წესი ცალკეული საჯარო სამსახურების ნაცვლად, თავად მთავრობამ უნდა განსაზღვროს. 

ამასთან დაკავშირებით დავითაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო პროექტი შესთავაზა. უფრო მეტიც, დავითაშვილი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ პარლამენტში, სადაც ამჟამად პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მტკიცდება, მთავრობამ განსაზღვროს. მის მიერ მომზადებული პროექტის სიახლეა ისიც, რომ საჯარო სამსახურში სტაჟირების პერიოდი პირს სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება, რაც 2012 წლის 1 იანვრიდან გავლილ სტაჟირებაზეც გავრცელდება.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, კერძოდ კი, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში და ასევე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები ბიუროს ბოლო სხდომაზე წარედგინა, თუმცა ის ავტორს უკან იმ მიზეზით დაუბრუნდა, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება ცვლილებებს სხვა კანონებშიც საჭიროებდა, რაც პროექტს თან არ ერთოდა. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსაც, რომლის შეფასებით, გამომდინარე იქედან, რომ ზოგიერთ საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენს, ზოგიერთში კი – არა, მთავრობის მიერ ერთიანი წესის შემოღებამ შესაძლებელია ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებზე და შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქონიოს გავლენა.

პროექტის დამატებით დამუშავებისა და ხარვეზების გამოსწირების მოტივაციით ბიურომ საკანონმდებლო პროექტის ინიცირება არ მოახდინა და ის ინიციატორს უკან დაუბრუნა.