ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის აზრით, "ნაცონალური მოძრაობა", რომელმაც საკუთარ საზოგადოებაში დასაყრდენი დაკარგა, ცდილობს, დაძაბულობა საერთაშორისო ფორმატში გადაიტანოს".
ამის შესახებ ვოლსკიმ "პირWელს" მიმდინარე წლის 25-26 თებერვალს ბრიუსელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა, როდესაც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის 14-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღება ჩავარდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული პრეცედენტი "მეტად პრობლემურად" მიიჩნია, მითუმეტეს წელს ვილნიუსში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფონზე.
"კომიტეტის მუშაობაში პირველად ვმონაწილეობდი, თუმცა დიდი დრო არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ კომენტარებს საერთო არ აქვს ამ ფორმატის არსთან, ისევე როგორც მთლიანობაში საქართველოს საგარეო კურსთან. კონკრეტულად რა მოხდა კომიტეტის მორიგ რაუნდზე: კომიტეტის სხდომებზე გამართული კონსულტაციების შემაჯამებელი განცხადება მართლაც არ მივიღეთ, მაგრამ ამაში ტრაგიკული არაფერია და მით უმეტეს, არც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ახდენს გავლენას. საქმე იმაშია, რომ ყველა ძირითად პრინციპზე შევთანხმდით, მათ შორის მთავრობისა და ევროკავშირის პარტნიორობის და ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადრე განხორციელებული ზოგიერთი რეფორმის პოზიტიურობის, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, 8 თებერვლის მოვლენების შეფასების, ვენეციის კომისიის და სახალხო დამცველის ჩართულობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თემებზე. "ნაცმოძრაობამ" სრული დეზინფორმაცია გაავრცელა აგრეთვე იმის თაობაზეც, რომ თითქოს რაღაც შეუთანხმებლობა არსებობს დევნილების დახმარების და სამშვიდობო პროცესების განვითარების საკითხებზე. ჩამოთვლილ პრინციპებზე ევროპარლამენტის და საერთოდ, ევროკავშირის პოლიტიკა უცვლელია, იმისდა მიუხედავად, მივიღებდით თუ არა ფორმალურ განცხადებას. უბრალოდ, ჩვენ არ დავუშვით ისეთი დოკუმენტის გამოქვეყნება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" უმცირესობა აპირებდა, 20-ზე მეტ სხვა მუხლთან ერთად, ერთი დეზინფორმაციის შემცველი მუხლის შეტანას. საქართველოს დელეგაციის უმრავლესობა, ისევე როგორც ევროპარლამენტართა მნიშვნელოვანი ნაწილი, მხარს არ დაუჭერდა ფორმულირებას, რომელიც უაპელაციოდ ამტკიცებს, თითქოს პარლამენტარებზე ზეწოლა ხორციელდება. პირადად ჩემთვის ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც საკუთარ საზოგადოებაში დასაყრდენი დაკარგა, ცდილობს, დაძაბულობა საერთაშორისო ფორმატში გადაიტანოს. ამაზე 19 აპრილისათვის დაანონსებული აქციის ლოზუნგიც მოწმობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გაღიზიანებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ცალმხრივი ინფორმაციების, უფრო სწორედ დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებები მნიშვნელოვნად შეეზღუდათ", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ევროკომისიის ფორმატში პოზიტიური ურთიერთობები სათანადო ინტენსივობით ვითარდება, რაც შეეხება ევროპარლამენტს, აქ ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქცია "სახალხო პარტია" "ნაციონალურ მოძრაობისადმი" სოლიდარულია, თუმცა "სოციალისტები", "ლიბერალები", "მწვანეები" ვითარებას უფრო საქმიანი პრაგმატიზმით აფესებენ.
"საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების საკითხებზე გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ევროკომისიას, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყნების მთავრობათა დელეგაციები. ამ ფორმატში პოზიტიური ურთიერთობები სათანადო ინტენსივობით ვითარდება. ამის გარდა, საქართველოს დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს მართავს ევროპარლამენტთან, სადაც ქვეყნების პარლამენტარები არიან წარმოდგენილი, ისინი სხვადასხვა ფრაქციებში ერთიანდებიან. ამისათვის შექმნილია სწორედ ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი. კონსულტაციებისას გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე სარეკომენდაციო ხასიათის ერთობლივი განცხადება კეთდება. ევროპარლამენტში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია "სახალხო პარტიას" აქვს, ტრადიციულად იგი "ნაცმოძრაობის" მოკავშირეა. წლების განმავლობაში აწყობილი მათი ურთიერთობა პოლიტიკურ სოლიდარობაში გამოიხატება. "სოციალისტები", "ლიბერალები", "მწვანეები" უფრო საქმიანი პრაგმატიზმით აფესებენ ვითარებას. მათ არ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროპული ფასეულობები სააკაშვილის რიტორიკაში ან თუნდაც ელექტრომანქანით გადაადგილებაში მდგომარეობს", - განაცხადა ვოლსკიმ.