გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საჩივარზე სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საჩივარზე სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით 27 თებერვალს მიმართა.

კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს.

გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 10 აპრილის 15.00 საათისთვის დაინიშნა.

პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.