ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება. გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

მოსამართლე აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებლად 13.15 საათზე გავიდა. სხდომა აღარ განახლებულა და ადვოკატებს მოსამართლის თანაშემწემ სხდომის გადადების შესახებ აცნობა.

როგორც პროცესის შემდეგ გიგი კალანდაძისა და მერაბ კიკაბიძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, მისი დაცვის მყოფებთან მიმართებაში მტკიცებულებები მოპოვებულია კანონდარღვევით. კერძოდ, ადვოკატის თქმით, გიგი კალანდაძის შემთხვევაში, პროცედურული დარღვევებია, რადგან მას ბრალი წარუდგინა არაუფლებამოსილმა პირმა. გაბაიძის განმარტებით, რომ გიგი კალანდაძის, რომელიც უმაღლესი რანგის გენერალია, წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს გააჩნდა.

"გიგი კალანდაძეს ბრალი წაუყენა პროკურორმა, რომელიც არის არაუფლებამოსილი პირი, შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს კალანდაძის ბრალდების შესახებ დადგენილება", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

ბაჩო ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით კი, მომდევნო ეტაპზე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ამის საფუძვლად ადვოკატი ასახელებს ახალაიასთან მიმართებაში მტკიცებულებების საპროცესო დარღვევებით მოპოვებას. კერძოდ, ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეში ძირითადი მოწმე იყო გაგა მკურნალიძე და არსებობდა კიდევ ორი მოწმე კინწურაშვილი და დარასელია, რომლებმაც ჩვენებები შეცვალეს, რის შემდეგაც საქმეში მხოლოდ დაზარალებული ზვიად აბესაძე დარჩა.
"ეს ნიშნავს, რომ ამ ბრალდებაზე მტკიცებულება აღარ არსებობს, რაც საფუძველს იძლევა, დავაყენოთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში 14.00 საათზე გაგრძელდება, დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებათა ნუსხას, რის შედეგადაც მოსამართლე მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

ამასთან, ველიჯანაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას, პროცესის გადადების შესახებ, ერთპიროვნული უწოდა იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ ადვოკატებს ეს საკითხი არ შეუთანხმა.
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ ექვს პირს, კერძოდ, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს, მერაბ კიკაბიძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
გუშინდელ პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა, გარდა მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილისა, რომლებიც როგორც ცნობილია, ძებნილები არიან.