გოჩა და შმაგი აფრასიძეები ”სამართლიანობის აღდგენას” აპირებენ

გოჩა და შმაგი აფრასიძეები ”სამართლიანობის აღდგენას” აპირებენ

შმაგი და გოჩა აფრასიძეებმა რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. საპყრობილესთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ელოდებოდა გათავისუფლების პროცესს.

აფრასიძეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლა შმაგი აფრასიძე და კითხვაზე, აპირებენ თუ არა ძმები მათი საქმის ხელახალ გამოძიებას და სამართლებრივ დავას, აღნიშნა, რომ აპირებს "აღადგინოს სამართლიანობა".

სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მათმა დედამ, დოდო აფრასიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიწყება საქმის ხელახალი გამოძიება და აუცილებლად მოითხოვენ დამნაშავეების დასჯას. მისი აზრით, მისი შვილები უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული და მოითხოვს დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ამ საქმის მათი ოჯახის საწინააღმდეგოდ მიმართვას.

კერძოდ, ერთ-ერთ დამნაშავედ დოდო აფრასიძემ დაასახელა გიორგი ბარამიძე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, არის გიორგი ბარამიძე.

გოჩა და შმაგი აფრასიძეები 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ამავე სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა მათი ძმა ომეხ აფრასიძე და მამა ევგენი აფრასიძე.
გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლების შეკრების შედეგად, ხოლო შმაგი აფრასიძეს - 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ მოიხადეს 9 წელი და დღეს გათავისუფლდნენ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, მათ გარკვეული დანაშაულებები ადრევე მოეხსნათ, შემდგომ კი საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მათი გათავისუფლების შესახებ.