ნოდარ ხადურმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნოდარ ხადურმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა , რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე რიჩარდ ბაუჩერსაც შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებსაც OECD-ი არაწევრ პარტნიორებს სთავაზობს.

"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალურ ფორუმზე განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის, ისეთი საკითხი, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და ამ პროცესში კონკურენციის გამოყენება. გაკეთდა ძალიან საინტერესო მოხსენებები ამ მიმართულებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. რაც შეეხება OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას, შედგა ძალიან სასარგებლო დიალოგი, რომელზეც ფრანგულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერის გარანტია. ეუთო და სხვა ორგანიზაციები მოავლენენ თავის წარმომადგენლებს და ექსპერტებს, რათა დახმარება გაგვიწიონ საქართველოში მიმდინარე რეფორმებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ რიჩარდ ბაუჩერმა. მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ სფეროებს, რომელებშიც საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობენ.

"ვისაუბრეთ დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობაზე, კონკურენციის პოლიტიკასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. განვიხილეთ ის სფეროები, რომელზეც მუშაობს დღევანდელი მთავრობა, მათ შორის, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვის მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება,"- განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა.

ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის განვითარების სააგენტოში, პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საფრანგეთის ბიზნესფედერაციაში, ასევე საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროში.