ვახტანგ ხმალაძე - პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება

ვახტანგ ხმალაძე - პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს იმიტომ, რომ აშკარაა წინააღმდეგობა კონსტიტუციურ ნორმებსა და რეფერენდუმის კანონს შორის.
მისი განმარტებით, რეფერენდუმის კანონის მიხედვით, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო. მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, ანუ ის ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც ცესკო გამოაცხადებს რეფერენდუმის შედეგებს და შემდეგ ხელისუფლებამ ეს ცვლილება უნდა შეიტანოს შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ, როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, როცა საქმე პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება, ანუ ისეთ საკითხს, რომელიც კონსტიტუციით არის გადაწყვეტილი, კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და მასში ცვლილება შეიძლება კონსტიტუციით დადგენილი წესით იქნას შეტანილი, ანუ პარლამენტის ორი მესამედის გადაწყვეტილებით და როდესაც ასეთი საკითხი რეფერენდუმზე გადის, თუ ის კონსტიტუციაში არ აისახა, მას ვერ ექნება კონსტიტუციაზე მეტი ძალა თუნდაც ჩაიწეროს ორგანულ კანონში, რომ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და მაშინვე იწყებს მოქმედებას.

"მე მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს, პლებისციტი კი შესაძლებელია. კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და თუ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, კონსტიტუციაში ის ვერ შევა. ამიტომ ასეთ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პლებისციტს, მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პლებისციტი და ამის უფლება მხოლოდ მას აქვს, თუმცა ეს არის ფაქტობრივად საზოგადოებრივი აზრის ყველაზე უფრო რეპრეზენტატიული გამოკითხვა, როცა ყველა ამომრჩეველს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება.

დეპუტატის თქმით, პლებისციტით დადასტურებული გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო შესასრულებლად.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის არჩევის საკითხს, მისი თქმით, ეს საკითხი თუ როგორი წესით იქნება პრეზიდენტი არჩეული, დამოკიდებულია იმაზე, თუ მმართველობის რა მოდელი იქნება ქვეყანაში მიღებული.
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, საპარლამენტო რესპუბლიკებში კი ძირითადად არაპირდაპირი წესით.

მისი თქმით, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და ეს არის თემა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს იმ ხალხმა, ვისაც ამაზე უფიქრია.

ამასთან, როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დღეს კოალიციაში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარდა ამისა მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ მეორე საპრეზიდენტო არჩევნებზე და არა ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე და აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა.