იაგო კაჭკაჭიშვილი - ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის თანაცხოვრება ჩიხში შედის და კონფრონტაციული ხდება

იაგო კაჭკაჭიშვილი - ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის თანაცხოვრება ჩიხში შედის და კონფრონტაციული ხდება

"ნაციონალურ მოძრაობასთან" გართულებული თანაცხოვრება უფრო მეტად "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს , - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კოჰაბიტაციაში ნათელი წერტილები არსებობს, თუმცა თანაცხოვრება ჩიხში შედის და კონფრონტაციული ხდება.
მისივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებას" ჰყავს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, თანაცხოვრება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება დაპირისპირების, აზრთა ჭიდილისა და კომპრომისების შედეგად მოხდეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა აუცილებელია, რადგან ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა არ იყოს.
სოციოლოგი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თვალი უნდა გაუსწოროს წარსულს და შეცდომებს, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღიაროს და დააფასოს ის მიღწევები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა.

"ასეთი მიღწევების არსებობა ფაქტია, ეს იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, კორუფციასთან ბრძოლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კრიმინალთან ბრძოლა და ა.შ. წარმატება უნდა იქნას დაფასებული "ქართული ოცნების" მიერ", - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული დადებითი ტენდენცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებში შეიმჩნევა.
სოციოლოგის მოსაზრებით, კოჰაბიტაციას ხელს შეუწყობს ორმხრივი კომპრომისები.

მისივე თქმით, კომპრომისებისთვის ღია უფრო "ქართული ოცნებაა", თუმცა კაჭკაჭიშვილის თქმით, კომპრომისებსაც აქვს თავისი საზღვარი, კერძოდ კომპრომისი არ უნდა იქნეს განხორციელებული საზოგადოებისთვის საინტერესო ამბების გამოუძიებლობითა და მიჩქმალვით.

როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, ჩიხში შესული თანაცხოვრება აზარალებს როგორც ქვეყანას, ასევე ორივე მხარეს, თუმცა ყველაზე მეტად ამით ზარალდება "ნაციონალური მოძრაობა". იმ შემთხვევაში კი, თუ აპრილში პრეზიდენტმა დაითხოვა პარლამენტი და მთავრობა, საქმე ხელახალ არჩევნებამდე მივა, რომელშიც უპირატესობის მოპოვების საგრძნობი შანსი და ძალაუფლების გამყარების შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას" აქვს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" - არსებული ძალაუფლების დაკარგვის დიდი რისკი.
იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიგი უგულავას არგუმენტი ბრალდების გასაქარწყლებლად არის ის, რომ მან საბიუჯეტო თანხები ჯიბეში კი არ ჩაიდო, არამედ ეს თანხები დაურიგა ხალხს და ისინი დაასაქმა. კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ეს უსუსური არგუმენტია, რადგან კორუფცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვასაც გულისხმობს.

ამასთან, კაჭკაჭიშვილი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის შესაძლებლობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადად პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრეა.
"პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოს პოლიტიკური კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ პოლიტიკური კულტურის შენარჩუნება უახლოეს წლებში მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესებში ადამიანების ფართო ჯგუფების ამომრჩევლების ჩართვა მნიშვნელოვანია.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკის წყობა საქართველოსთვის უფრო მომგებიანია. მანვე ექსპერტმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატი პოლიტიკურ განზომილებაში ხელშესახებ შედეგს არ იძლევა, თუმცა, კაჭკაჭიშვილის მოსაზრებით, ეს არ ყოფილა ხელისუფლების განსაზღვრა მოკლევადიან პერსპექტივაში. მოლოდინი, რაც შეიძლება საზოგადოებას ამ ეტაპზე გაუჩნდეს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაა.