მიხეილ მაჭავარიანი - პრეზიდენტი მზად არის, თავად მივიდეს პრემიერთან

მიხეილ მაჭავარიანი - პრეზიდენტი მზად არის, თავად მივიდეს პრემიერთან

პრეზიდენტი მზად არის, თუ პრემიერი არ მივა მოლაპარაკებებზე სასახლეში, თავად მივიდეს პრემიერთან, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული მიმართვის პასუხად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის.

მაჭავარიანი აცხადებს, უმცირესობა მზად არის, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დიალოგი გაგრძელდეს. როგორც მაჭავარიანი განმარტავს, მოლაპარაკებების დროს უმცირესობა თანახმა იყო, რომ ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში უნდა შესულიყო 2013 წლის ოქტომბერში, შესულიყო ახლა - პრეზიდენტს ჩამორთმეოდა უფლებამოსილების ნაწილი, პარტლამენტი და მთავრობა გაძლიერებულიყო, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ამნისტიას, მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამნისტიიის მოთხოვნა არ ყოფილა.

"ამნისტია ამ ტერმინთან დაკავშირებით სწორი გამოთქმა არ არის, შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამნისტიის საკითხი ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია", - განაცხადა მაჭავარიანმა "პირველი რადიოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ უმცირესობის მხრიდან იყო მხოლოდ იმაზე საუბარი, იყო თუ არა მზად უმრავლესობა ამ კუთხით ემუშავა.