დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" წუხანდელი ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა .
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე ავტოცისტერნა, 3 სპეცმანქანა და სამაშველო ჯგუფები გივნაობმადე მუშაობდნენ.
ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად დაიწვა და ნაწილობრივ ჩამოიშლა. იმ ნაწილიდან კი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს წუხელ უარყოფდა.
სავაჭრო ცენტრ "საბას" დირექტორი ნიკოლოზ ბაკაშვილი გამორიცხავს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს მოკლე ჩართვა ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, რადგან დაცვის სამსახური სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიას ზუსტად 19.00 საათზე თიშავს.
ამასთან, როგორც თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან შავლიაშვილმა განაცხადა, ინფორმაცია სამართალდამცავებმა სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურის მეშვეობით მიიღეს, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ჩატარდება. შავლიაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
სავაჭრო ცენტრ "საბაში" განთავსებული მაღაზიების მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად ზარალი თითოეულ მოვაჭრეზე ათობით ათასი ლარია.
მათივე ინფორმაციით, ფართში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 50-მდე მაღაზიაა და იქ მოვაჭრეებს ძვირადღირებული ავეჯი ჰქონდათ განთავსებული.