ვფიქრობ, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმების გზებს გამონახავენ, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტისადმი მიმართვისა და, ზოგადად, კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობის შეფასებისას გააკეთა.
სასტუმრო "რედისონში", ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სტუმრობისას ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აზრით, კოჰაბიტაციის პროცესი წინ მიიწევს. მისივე შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის შექმნა ნაკლებად მოსალოდნელია და ამის თქმის საფუძველს მხარეების პოზიციები იძლევა.
"ბოლო პერიოდში მე მქონდა შეხვედრები როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის გზები გამოძებნონ. ასევე, დააბალანსონ ორი ძირითადი საკითხი, როგორებიც არის სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვა და დაძაბულობისა და დაპირისპირებების თავიდან აცილება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამასთან, როგორც აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, მასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დათხოვნას ან რაიმე უჩვეულო პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.
სასტუმრო "რედისონში" გუშინ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყნების ელჩებმა, სამხედრო ატაშეებმა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიულოცეს.