რუსეთის პრეზიდენტი იძახის, რომ თუ გინდათ რამე, დამინიშნეთ ჩემი უსაფრთხოების სტრუქტურები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ ხმამაღლა არავის უთქვამს, თუმცა, მისთვის ცნობილია, რა საუბარი შედგა მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შორის.
პრეზიდენტის განცხადებით, მის უწმინდესობას მისთვის ეს არ მოუყოლია, თუმცა იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ, ვისგანც შეიტყო ამ საუბრის შესახებ.
"მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ. არ მკითხოთ, საიდან ვიცი. პატრიარქმა უთხრა პუტინს, იქნებ ვიზები მაინც მოხსნათო პირველ ეტაპზე, როგორც პირველი ჟესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პუტინმა კი უპასუხა - თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ რა თქმა უნდა მოვახდენთ კულტურის მოღვაწეებისთვის, მეცნიერებისთვის, ოფიციალური დელეგაციებისთვის ვიზების გამარტივებას. მაგრამ, მანამ, სანამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული პასპორტებით ტერორისტები შემოდიან რუსეთში, სანამ თქვენ არ გაქვთ უსაფრთხოების სამსახური, ვისთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ვენდოთ, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ეს არის ზუსტად იმ სიმღერის გადამღერება, რასაც მე მეუბნებოდა პუტინი, რომ ვალერი ხაბურძანია დატოვე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კაცი",-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ვალერი ხაბურძანია დაბრუნდა საქართველოში. "ახალმა მთავრობამ, პრემიერმა მოამზადეს კანონი უშიშროების სამსახურის ცალკე გატანის შესახებ. "ახლა რუსეთის პრეზიდენტი იძახის, რომ თუ გინდათ რამე, დამინიშნეთ ჩემი უსაფრთხოების სტუქტურები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რამე შეთანხმება უკვე მიღწეულია. არ მაქვს საფუძველი ეს ვივარაუდო, მაგრამ იმათ რომ ეს უნდათ, ეს ვიცით", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა ბეწვის ხიდზე გადის და საჭიროა სიფრთხილე.