საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობას "კონკრეტულ უბედურ შემთხვევად" მიიჩნევს, - ამის შესახებ მან გუშინ , ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის დედისაც, მამისაც, ამ უბედურების. არავის არ ვუსურვებ. მეც მამა ვარ, 19 წლის შვილი რომ ასე მოგიკვდება, კატასროფაა. დამნაშავე ციხეში იჯდა, არავის არ შეუწყალებია. მაგრამ მერე პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ამისგან გაკეთებინათ ბევრად მეტი, ვიდრე მოხდა და მთელი ეს წლები იძახდნენ, სისხლისმსმელი მთავრობაო. თქვეს, რომ ამათი სისხლით მოვიდნენ, ამიტომ უნდა დაესაბუთებინათ, თუ ამათი სისხლით მოვიდნენ და მაშინ ვიღაც უნდა დაეჭირათ. 30 ადამიანი დაიბარეს და როგორც ჩანს, დააწერინეს ცრუ ჩვენება. მერე ორმა თუ სამმა მათგანმა გადათქვა და ისინი დაიჭირეს, რომ დანარჩენებმაც არ გადათქვან. მე არ ვამბობ, რომ პროკურატურა ჩვენ დროს იყო იდეალური, იმიტომ, რომ ზოგი პროკურორი დღესაც მუშაობს, ვინც მაშინ მუშაობდა. მაგრამ თქვენ მაინც ნუ გაიმეორებთ იმ შეცდომებს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, თუმცა პროკურატურას არ უნდა ეს აღიაროს, რითაც, პრეზიდენტის შეფასებით, ეს უწყება ხალხის ნდობას დაკარგავს.
"ჩემს მთავრობაშიც ზუსტად ასეთი შეცდომები იქნა დაშვებული, სწორედ იმის გამო, რომ პროკურატურა და სხვები გაჯიქდნენ, მიაწვნენ პირველ ჩვენებას და იქედან ვეღარ გადავიდნენ. ეს იყო, რამაც ნდობა დააკარგვინა", - დასძინა სააკაშვილმა